საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ფინანსთა მინისტრის არგამოცხადებაზე ამბობს, რომ "ფორმალური ახირებების" გამო მინისტრი საქმეს არ უნდა მოწყდეს.

"რეგლამენტის მოთხოვნაა, რომ როდესაც დაიბარებენ დეპუტატები მინისტრს, ის უნდა მივიდეს. მაგრამ ეს ფორმალური მოცემულობა უნდა შევუთავსოთ თუ არა ახირებებს, ეს არის მეორე საკითხი... ჩვენ თუ გვინდა, რომ ფორმალური ახირებები რაღაცნაირად გავაფორმოთ, რომ ყოველ მეორე დღეს აქ მინისტრი იყოს და თავის საქმეს მოვწყვიტოთ, არაფერი აღარ აკეთოს და მხოლოდ აქ იყოს, შეიძლება, ეგეც შეიძლება, მაგრამ ეს საქმეს არ გააკეთებს", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფინანსთა მინისტრს, ვანო მაჭავარიანს, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს, 24 თებერვალს ელოდნენ. ის კომიტეტში მოსმენაზე ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრებმა დაიბარეს. თუმცა, კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა.

როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს უთხრა, მას კომიტეტში მოსვლისთვის თავი არ აურიდებია.