დღეს 24 თებერვალია და უნდა იცოდეთ, რომ მსოფლიო ამ დღეს ქინძის წინააღმდეგ ერთიანდება.

ქინძის სიძულვილის დღე საფუძველს 2013 წლის 24 თებერვლიდან იღებს. ყველაფერი Facebook გვერდიდან I Hate Coriander დაიწყო, რომელსაც 300 000-მდე მიმდევარი ჰყავს.

გვერდის ადმინის განცხადებით:

"ჩვენ ბევრნი ვართ. ჩვენ ვართ ძლიერები და ორგანიზებულები. ჩვენ მსოფლიოს მოსახლეობის 10%-ს შევადგენთ და ხმამაღლა ვამბობთ, რომ გვძულს ქინძი. რესტორნებო, თუ თქვენი კერძი შეიცავს ქინძს, დაწერეთ ეს მენიუში!"

როგორც აღმოჩნდა, გემოს რეცეპტორებისა და გენეტიკის გათვალისწინებით, ქინძი ან გიყვარს, ან გძულს. გარდა ამისა, ისიც მნიშვნელოვანია, მსოფლიოს რა ნაწილში ცხოვრობ.

ფოტო: I Hate Coriander / Facebook

გენეტიკური ტესტირების კომპანია 23andMe-მ 50 000-მდე ადამიანის გენეტიკური მასალა შეისწავლა და მათ აზრი ჰკითხა ქინძის შესახებ.

როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანებს, რომელთაც ქინძი სძულთ, საერთო გენეტიკური მახასიათებელი აქვთ. ქინძის არომატული თვისებები მასში შემავალ ალდეჰიდებზეა დამოკიდებული. ის, რაც ზოგიერთი ადამიანისთვის "მწვანე" გემოდ აღიქმება, სხვებისთვის საპნის მაგვარ არომატად კლასიფიცირდება. მათ, ვისთვისაც ქინძს საპნის გემო აქვს, გემოს განსაკუთრებული რეცეპტორი OR6A2 აქვთ.

ერთი გზა, რომლითაც ქინძის შეყვარება შეიძლება, მისი ხშირად გასინჯვა და თანდათან მიჩვევაა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქინძმოძულეთა ჯგუფში მოხალისეები გამოჩნდნენ.

ეს ასევე ხსნის, რატომ უყვარს ქართველების უმრავლესობას ქინძი: ჩვენ სხვადასხვა საჭმელში ქინძს ბავშვობიდანვე ვსინჯავთ და შესაბამისად, მის მიმართ ტოლერანტულები ვხდებით.