ფინანსთა მინისტრი, ვანო მაჭავარიანი პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა. ის კომიტეტში მოსმენაზე ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრებმა დაიბარეს.

როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს უთხრა, მას კომიტეტში მოსვლისთვის თავი არ აურიდებია.

"სულ რამდენიმე დღის წინ, მინისტრის საათის ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და არ ვიცი, თქვენ უსმენდით თუ არა, თუ დააკვირდით გამოსვლას, იქ ჩემი დროის ნახევარზე მეტი დავუთმე პრაქტიკულად იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, რაც იყო დასმული საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში. თქვენ ნახეთ, რომ პრაქტიკულად დარბაზი დატოვეს იმ დეპუტატებმა, ვინც ეს წერილი მოიწერეს. არც კი იყვნენ იქ და არანაირი შეკითხვა არ დასვეს. ეს ნიშნავს, რომ ამ შეკითხვების პასუხი კი არ აინტერესებდათ. ფაქტია, რომ საანგარიშო ვალდებულებისთვის არ არის, ეს არის რაღაცების მოსაწყობად და ცირკები მოაწყონ რამდენიც უნდა", — განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს, 24 თებერვალს ელოდნენ. მას უნდა ესაუბრა ტელევიზიებისთვის დავალიანების ამოღების გრაფიკსა და შეთანხმებაზე, სამინისტროს პოზიცია 2019 წელს 100 მლნ ლარამდე ყალბი აქტივების საქმესა და აზარტული თამაშების კანონში შესატან ცვლილებებზე სამინისტროს პოზიციაზე.