ახალი კვლევა კიდევ ერთი დამატებითი საბუთია იმისა, რომ სამხედრო სავარჯიშოებში გამოყენებული ულტრახმოვანი ლოკატორები ვეშაპებისთვის მომაკვდინებელია. მკვლევრებმა მარიანას არქიპელაგზე ვეშაპების გამორიყვის შემთხვევების ნახევარი სწორედ საშუალო სიხშირის ულტრახმოვანი ლოკატორების გამოყენებას დაუკავშირეს.

დინგნისკარტა ვეშაპის 23 სახეობა ულტრახმოვანი ლოკატორებისადმი (MFAS) განსაკუთრებულად მგრძნობიარეა. კვლევაში ნახსენებია, რომ ამ ტექნოლოგიის ტესტირება ძირითადად მარიანას არქიპელაგთან 2006-დან ყოველწლიურად მიმდინარეობს, სადაც ბევრი დინგნისკარტა ვეშაპი ცხოვრობს.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ "1962-2006 წლებში, მარიანას სანაპიროზე არც ერთი დინგნისკარტა ვეშაპი არ გამორიყულა, მაგრამ 2007-2019 წლებში, ნახევარკუნძულის სანაპიროზე 8 შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ხმელეთზე 10-11 ვეშაპი აღმოჩნდა".

მკვლევრების გუნდმა დაადგინა, რომ გამორიყვის შემთხვევებიდან ნახევარი, MFAS-ის ტესტირებიდან 6 დღეში მოხდა.

ულტრახმოვანი ლოკატორები, რომლებიც პრაქტიკაში 1960-იან წლებში შემოვიდა, 4,5-5,5 კილოჰერცის სიხშირის ბგერას გამოსცემენ. მათი შემოღების შემდეგ დღემდე ვეშაპების ხმელეთზე გამორიყვის 12 შემთხვევა, სწორედ ამ ტექნოლოგიის გამოყენებას უკავშირდება.

მკვლევრების თქმით, საერთო ჯამში, ხმელეთზე ვეშაპების გამორიყვის შემთხვევებით, 9%-ზე პასუხისმგებელი MFAS ტექნოლოგიაა.

მკვლევრების თქმით, ულტრახმოვანი ლოკატორების გამოცემული ხმა ბგერის უჩვეულო სიხშირის გამო ცხოველებისთვის დამაბნებელი და საშიშია. 2010 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, მეცნიერებმა აჩვენეს, რომ დინგნისკარტა ვეშაპები საშუალო სიხშირის ულტრახმოვანი ლოკატორების გამოცემულ "ხმაურს" გაურბიან.

ვეშაპები ხმისადმი ძალიან მგრძნობიარეები არიან. ბევრი ვეშაპის სახეობა შედარებით დაბალ "გარემომცველ ხმას" არის მიჩვეული და მოულოდნელი, მათთვის უჩვეულო ბგერითი ტალღებისადმი ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან.

მკვლევრების რეკომენდაცია მარტივია: "საზღვაო წვრთნების მსვლელობისას და მათი ჩატარების შემდეგ სანაპიროების უფრო აქტიური ვიზუალური მონიტორინგის ჩატარებაა საჭირო".

ეს მკვლევრებს მისცემს საშუალებას, რომ ვეშაპებს უკეთ დაეხმარონ.