ევროპული საქართველოს ოფისთან საპროტესტო აქცია ისევ, უკვე მეხუთედ გამართეს. აქტივისტები და ქართული ოცნების მხარდამჭერები ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილისგან ბოდიშს და სადეპუტატო მანდატის დატოვებას ითხოვენ.

მათი თქმით, შეურაცხყოფილები არიან იმით, რომ ხოშტარიამ და ნადირაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. მათივე თქმით, აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.

შეკრებილები ამტკიცებენ, რომ არცერთ პარტიას არ წარმოადგენენ და სამოქალაქო აქტივისტები არიან. ოფისთან აქციების დაწყებამდე ისინი ხოშტარიას ერთ-ერთ კაფეში მიეჭრნენ.

18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენაზე ოპოზიციის ლიდერებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საბჭოთა ჰიმნი ჩართეს. სხდომას დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა. ოპოზიციონერები მანდატურმა სხდომათა დარბაზიდან მალევე გაიყვანა. პარლამენტის თავმჯდომარე კი ჰიმნის ჩართვას ღიმილით შეხვდა და თანაგუნდელებს ტაშის დაკვრისკენ მოუწოდა, რასაც დეპუტატებიც აჰყვნენ. მუსიკის ფონზე ისმოდა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის ფრაზა: "ნახეთ, საწამლავიც არ ჰქონდეთ შემოტანილი სკუნსებს. დატოვეთ თუ შეიძლება დარბაზი".

ხოშტარიამ დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის მმართველ გუნდს ყოველთვის შეუქმნის დისკომფორტს.