აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიუკერძოებელი ორგანიზაციაა და მათთან სიამაყით თანამშრომლობენ. ეს განცხადება საელჩომ ელჩ კელი დეგნანისა და NDI-ს პრეზიდენტ, დერეკ მიტჩელის შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს პოლიტიკური და წინასაარჩევნო გარემო განიხილეს.

"აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს NDI-სთან, რათა ხელი შეუწყოს ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტების შენებასა და გაძლიერებას, რომელიც უპასუხებს ქართველი ხალხის საჭიროებებს", — წერია განცხადებაში.

NDI ისევე, როგორც IRI არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის ობიექტი. ისინი ორგანიზაციას მიკერძოებულობაში და ოპოზიციის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციის კვლევები არასანდოა და ამ საკითხზე კონგრესს მიმართავდა.

მმართველი გუნდის გარდა ამ ორგანიზაციებს უპირისპირდება პატრიოტთა ალიანსიც. ისინი საქართველოში ორგანიზაციების აკრძალვას და NDI-ს ქართული ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ.