არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე მთავრობის წევრები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე და სოფელ წილკანში ჩავიდნენ და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. მათ ისაუბრეს ტატუნაშვილის გმირული მაგალითის მნიშვნელობაზე, თუმცა თავი აარიდეს ჟურნალისტების კითხვას, რას აკეთებს სახელმწიფო მისი მკვლელების დასასჯელად.

"ეს ქვეყანა ყველასია და ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში აღარ იყოს. ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, ხიდები აღვადგინოთ. Ჩვენი საბოლოო მიზანი არის ის, რაც იყო არᲩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანი — ქვეყნის გაერთიანება. მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ შრომით, მშვიდობიანად და არა მსხვერპლით, ომით და უბედურებით", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ჟურნალისტებს ისე შეაქცია ზურგი, რომ მკვლელების დასჯაზე კითხვებს არ უპასუხა.

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოჯახს "ღირსეული მამულიშვილის აღზრდისთვის" მადლობა გადაუხადა და თანაგრძნობა გამოუცხადა. ხოლო კითხვაზე, რა კეთდება მკვლელების დასასჯელად, განაცხადა: "მე ვარ თავდაცვის მინისტრი და დიდი მადლობა".

ამ კითხვას პასუხი მხოლოდ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა გასცა. მისი თქმით, დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა უმთავრესი და ძალიან პრინციპული საკითხია.

"საუბედუროდ, ყველაფერთან ერთად, ეს წამროაჩენს საოკუპაციო რეჟიმის სახეს, დამნაშავეები ფაქტობრივად არიან დაუსჯელი", — განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ტატუნაშვილის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ დამნაშავეების დასჯის იმედი აღარ აქვთ და ამ საკითხზე მათთან არც პრემიერს უსაუბრია.

დღეს, 22 თებერვალს, სოფელ წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი 2 წელი გავიდა. ის 2018 წლის 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა, რის შემდეგაც ცხინვალის იზოლატორში მოკვდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ტატუნაშვილს სიცოცხლისთვის შესაუბამო მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი წამების ბრალდებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებზე, დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული.

სახელმწიფომ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილე, ამჟამად კი პრემიერის მოადგილე კახა საბანაძე აცხადებდა, რომ ტატუნაშვილის მკვლელების კანონის სრული სიმკაცრით დასასჯელად ყველაფერს გააკეთბდნენ.