აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის განცხადებით, დირექტორის მოადგილის შესარჩევი კონკურსის გაშუქების დროს მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტს, ნათია ლომაძეს საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

როგორც პროფკავშრის განცხადებაშია აღნიშნული, პირველ კანდიდატთან გასაუბრების დროს ნათია ლომაძემ გადაიღო ფოტო, რომელზეც ჩანდა, რომ კანდიდატს აჩვენეს სიუჟეტი და მისი შინაარსის შეფასება სთხოვეს. მათივე თქმით, აღნიშნული ფაქტი არ მოეწონა საკონკურსო კომისიის ერთ-ერთ წევრს, ჟურნალისტი ფარულ გადაღებაში დაადანაშაულეს და სხდომა დახურეს.

ალტერნატიული პროფკავშირები განმარტავს, რომ ღია სხდომაზე ფოტოს გადაღებას არ კრძალავს საქართველოში მოქმედი არც ერთი კანონი:

"ეს ფაქტი ეწინააღმდეგებოდა მაუწყებლის ხელმძღვანელების მიერ აქამდე არაერთგზის გაჟღერებულ პოზიციას, რომ დირექტორის მოადგილეს არაფერი ესაქმებოდა კონკრეტული მედიაპროდუქტის შინაარსთან. სწორედ, აღნიშნულის გამო ჩათვალა ჟურნალისტმა, რომ გადაეღო ფოტო და გამოეტანა საჯაროდ".

გარდა ამისა, ალტერნატიული პროფკავშირი აღნიშნავს, რომ ფოტოს გადაღების გამო ჟურნალისტთან დაპირისპირება და განმარტების მოთხოვნა, ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლას წარმოადგენს, მათ შორის იმ ხელმძღვანელი პირების მხრიდან, რომლთაც ჟურნალისტური პროდუქტის შინაარსთან შემხებლობა არ აქვთ:

"ჩვენ, აღნიშნულ ფაქტს აღვიქვამთ და ვაფასებთ ზეწოლად".

მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, სანამ მრჩეველთა საბჭოს მიმდინარე მოვლენებზე შეფასება არ ექნება, ალტერნატიული პროფკავშირები მათთან საჯარო შეხვედრაზე უარს აცხადებენ.

დღეს, 21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ნათია ზოიძეს ვახო ხუზმიაშვილი შეცვლის.

ხუზმიაშვილის არჩევის შესახებ ცნობა მედიაში იმ დროს გავრცელდა, როცა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ გვენეტაძე On.ge-ს ჟურნალისტს არწმუნებდა, რომ შედეგები ჯერ ცნობილი არ იყო.

ნათია ზოიძე ბოლო რამდენიმე კვირაა, აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი აღარაა. როგორც ის ამბობს, ტელევიზიიდან წასვლა სამუშაო პირობების შეზღუდვის გამო მოუწია.