ევროპული საქართველოს ოფისთან ახალგაზრდები მესამე დღეა, საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მოითხოვენ, რომ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვის გამო დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ მანდატი დატოვოს. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ აქვთ კავშირი.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტელეკომპანია TV პირველთან ამბობს, მანამ ჩაატარებენ აქციებს, სანამ ევროპული საქართველო "დანაშაულს არ აღიარებს".

"ვფიქრობ, რომ ეს პერფორმანსი, რასაც თვითონ იძახიან და თავს იმართლებენ, არ არის პერფორმანსი. თუ ქალბატონ ელენეს სურს და სურვილი ექნება, მე შემიძლია პირადად შევთავაზო, რომ ჩავუტარებთ ტრენინგებს, როგორ უნდა გააკეთოს პერფორმანსი", — ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერების გამო ევროპული საქართველოს ოფისთან ქართული ოცნების აქტივისტებმა აქცია გამართეს და ელენე ხოშტარიასგან დეპუტატის მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. მათ პარტიის ოფისის შენობაზე სტიკერები გააკრეს წარწერით: "თქვენი ევროპული საქართველო უდრის თქვენს საბჭოთა საქართველოს". როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ისინი არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან. მანამდე აქტივისტები ელენე ხოშტარიას ერთ-ერთ კაფეში მიეჭრნენ.

18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენაზე ოპოზიციის ლიდერებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საბჭოთა ჰიმნი ჩართეს. სხდომას დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა. ოპოზიციონერები მანდატურმა სხდომათა დარბაზიდან მალევე გაიყვანა. პარლამენტის თავმჯდომარე კი ჰიმნის ჩართვას ღიმილით შეხვდა და თანაგუნდელებს ტაშის დაკვრისკენ მოუწოდა, რასაც დეპუტატებიც აჰყვნენ. მუსიკის ფონზე ისმოდა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის ფრაზა: "ნახეთ, საწამლავიც არ ჰქონდეთ შემოტანილი სკუნსებს. დატოვეთ თუ შეიძლება დარბაზი".

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის მმართველ გუნდს ყოველთვის შეუქმნის დისკომფორტს.