"დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი პარლამენტს ქუთაისში დააბრუნებს", — ასე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას. ამის შესახებ მან ფეისბუქლაივში ისაუბრა.

მისი თქმით, ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სურს ქვეყანაში განვითარება შეაჩეროს.

"საქართველო უნდა იყოს ძლიერი როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. ეს არის მიმართული აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ და აფხაზეთის დაბრუნებას ემსახურება სტრატეგიულად. ეფუძნებოდა ლაზიკის პორტის განვითარების სტრატეგიას, ეფუძნებოდა ქუთაისის და გარშემო იმერეთის, სამეგრელოს, ზოგადად, დასავლეთ საქართველოს სწრაფ განვითარებას. სვანეთის სწრაფი განვითარების ჩემეულ ხედვას და სტრატეგიას", — განაცხადა სააკაშვილმა.

დღეს, 21 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვა იგეგმება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქუთაისი საგანმანათლებლო ცენტრი გახდება, რომელიც მეტ სიკეთეს მოუტანს ქალაქს, ვიდრე პარლამენტი.

"პარლამენტის არსებულ შენობას ექნება თავისი დატვირთვა. მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა. ქუთაისის მომავალი რა შეიძლება და რა უნდა იყოს: განათლება, მედიცინა, ლოგისტიკა და კიდევ ბევრი რამ და არა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტი", — განაცხადა გახარიამ.

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო თბილისიდან ქუთაისში გადავიდა. 2018 წელს კი ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ ქართულმა ოცნებამ პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფომაცია, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მომსახურების ცენტრის ანალოგის განთავსებას გეგმავდა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ პარლამენტის ყოფილ შენობაში საკონფერენციო ცენტრი უნდა მოწყობილიყო.