მას შემდეგ, რაც მედიაში ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას ეხმაურება.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ღვთისიაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ქვეყანაში ჩამოდიან ის მოქალაქეები, რომელთაც ძვირიანი ბილეთების ყიდვის საშუალება არ აქვთ და ერთ-ერთ კომპანიას მათ ჩამოყვანაში დახმარება სთხოვეს.

"ჩვენ შევძელით, რომ ამ ადამიანებისთვის ხელი შეგვეწყო და წამოგვეყვანა. ეს არავითარ შემთხვევაში არაა ევაკუაცია, ეს არის ჩვეულებრივი რეისი", — განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ჯანდაცვის სამინისტროში კი აღნიშნავენ, რომ ჩინეთიდან ჩამოსული 30-მდე მოქალაქე ორკვირიან საკარანტინო პერიოდს საჩხერეში გაივლის.

საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების შესახებ ინფორმაცია გამოცემა ნეტგაზეთმა გაავრცელა. როგორც გამოცემა წერს, საქართველოს მოქალაქეები დაინტერესდნენ, სად და რამდენი ხნით მოათავსებდნენ მათ კარანტინში, თუმცა მათი თქმით, ჩინეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ კარანტინში არ მოათავსებდნენ. მათივე ინფორმაციით, ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დაურეკეს ჩინეთში საქართველოს საელჩოდან და შესთავაზეს ქალაქ ურუმჩიში ჩასვლა, იქიდან კი, თბილისში გამომგზავრება ისე, რომ ურუმჩი-თბილისის რეისის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებდა.