ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსის გამო ჩინეთიდან საქართველოში კიდევ 30 მოქალაქე ბრუნდება. ამის შესახებ მან მთავარ არხს განუცხადა.

საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების შესახებ ინფორმაცია გამოცემა ნეტგაზეთმა გაავრცელა. აღნიშნულ რეისთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებს ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.

როგორც გამოცემა წერს, საქართველოს მოქალაქეები დაინტერესდნენ, სად და რამდენი ხნით მოათავსებდნენ მათ კარანტინში, თუმცა მათი თქმით, ჩინეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ კარანტინში არ მოათავსებდნენ. მათივე ინფორმაციით, ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დაურეკეს ჩინეთში საქართველოს საელჩოდან და შესთავაზეს ქალაქ ურუმჩიში ჩასვლა, იქიდან კი, თბილისში გამომგზავრება ისე, რომ ურუმჩი-თბილისის რეისის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებდა.

ნეტგაზეთის განცხადებით, ისინი დილიდან ცდილობდნენ სხვადასხვა უწყებასთან ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა On.ge-ც, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყანაში დაბრუნება სიფრთხილის მიზნით გადაწყვიტეს და მათთვის საკარანტინო სივრცე მომზადებულია:

"არის იმის ალბათობა, რომ მათგან არც ერთი არ მოხვდეს ჩვენს კლინიკაში. მომზადებულია საკარანტინო სივრცე, სადაც მოთავსდება ეს 30 პიროვნება 14 დღის მანძილზე. ჩვენთან მათგან მოხვდებიან მხოლოდ ის პირები, რომელთაც ჩამოსვლის მომენტში ექნებათ ის სიმპტომები და ნიშნები, რომელიც განსაზღვრულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ".