შარლოტ აუბერი — ეს სახელი დაიმახსოვრეთ, რადგან ლონდონის მეტროდან გავრცელებული ვიდეოს წყალობით ერთ დღეში ის ვარსკვლავად იქცა.

ყველაფერი ასე დაიწყო: ლონდონის ერთ ჩვეულ ღრუბლიან დღეს, კომიკოსი კევინ ფრეშუათერი თავისი ვლოგისთვის მეტროში გამვლელებს აჩერებდა და ლედი გაგას Shallow-ს ტექსტის დასრულებას სთხოვდა. და ამ სიცილ-სიცილში ის მეტისმეტად კვალიფიციურ მუსიკოსს გადაეყარა.

კევინისა და შარლოტის შეხვედრა გოგონასთვის უხერხულად დაიწყო, თუმცა, როგორც პროფესიონალებს სჩვევიათ, ის წამებში გაიხსნა და კომიკოსი თავისი ვოკალური შესაძლებლობებით გაოგნებული დატოვა. სანამ შარლოტი მას დაემშვიდობებოდა, გამოტყდა, რომ მომღერალი იყო.

კომიკოსის ინსტაგრამზე პოსტი მალე გავირუსდა და მას ნახევარი მილიონი ნახვა აქვს, ხოლო ტვიტერზე, მხოლოდ შარლოტის ამოჭრილ ეპიზოდს — 25 მილიონი. ერთ-ერთმა ინტერნეტ მომხმარებელმა გოგონა მალევე ამოიცნო, რის შემდეგაც მას ინსტაგრამზე 100 ათასზე მეტი გამომწერი დაემატა.

გაიცანით პოპის ახალი დედოფალი:

იმავე საღამოს ტვიტერსა და ინსტაგრამზე მისი ფანების შექმნილი პროფილები გაჩნდა.

ბრაზილიაში მას უკვე ცალკე ფანკლუბი აქვს, ჯერჯერობით მხოლოდ 500 გამომწერით.

და რაც მთავარია — ფანებმა კლუბისთვის სახელი უკვე მოიფიქრეს — Charlotte's Web [შარლოტის ქსელი]

როგორც ხედავთ, სულაც არაა შეუძლებელი ერთ დღეში მსოფლიომ შეგიყვაროს და უსასრულო გალაქტიკაზე შენი ვარსკვლავი აციმციმდეს. თუმცა ამის შესახებ მან სულაც არ იცოდა იმ დილით, როცა მეტროში ყავით ხელში მიიჩქაროდა.

ველოდებით ალბომს.