სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2009 წელს გამოსული საშინელებათა ჟანრის გახმაურებული ფილმის, Orphan-ის პრიქველის გადაღება იგეგმება.

11 წლის წინ ესპანელი რეჟისორის, ჟაუმი კოლეტ-სერას მიერ გადაღებული ფილმი ერთი ოჯახის შემზარავი ისტორიის შესახებ მოგვითხრობს: ტრაგიკული გამოცდილების მქონე წყვილი ბავშვთა თავშესაფრიდან 9 წლის გოგოს იშვილებს, რომელიც სინამდვილეში საშიში დამნაშავე აღმოჩნდება.

მომავალი ფილმი ამ შემთხვევამდე განვითარებულ მოვლენებზე იქნება კონცენტრირებული: როგორ დააღწია თავი რუსეთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ესთერის სახელით ცნობილმა ამ ბოროტმოქმედმა და რა ჩაიდინა მანამდე, სანამ ამერიკაში აღმოჩნდებოდა.

ფილმის სცენარზე დევიდ კოგეშალი იმუშავებს, რეჟისორი კი უილიამ ბელი იქნება, რომელსაც მანამდე ისეთი ცნობილი საშინელებათა ჟანრის ფილმები გადაუღია, როგორებიცაა Stay Alive (2006), The Devil Inside (2012) და The Boy (2016).

ჯერჯერობით უცნობია, როდის ვიხილავთ ფილმს ეკრანებზე: ამჟამად ბერლინის კინოფესტივალის ფარგლებში ოფიციალურ დისტრიბუტორს ეძებენ, რათა ფილმის გადაღებები ამ წლის ბოლომდე მაინც დაიწყოს.

რაც შეეხება სამსახიობო გუნდს, არც ის ვიცით, ვიხილავთ თუ არა იზაბელ ფურმანს კვლავ მთავარი ანტაგონისტის როლში, თუმცა შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ ამ შემზარავი და მისტიკური პერსონაჟის შესახებ კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გავიგებთ და უკეთესად გავიცნობთ მის მოტივებს.