საჩხერეში, სოფელ ჭალაში არასრულწლოვანმა ბიჭმა საკუთარი მამა სანადირო იარაღით მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, არასრულწლოვანი დაკავებულია და დანაშაულს აღიარებს.

უწყების ცნობით, მკვლელობა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. არასრულწლოვანმა კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, მათი ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.