დავით კეზერაშვილმა, რომელიც ფორმულას 51 პროცენტიან წილს ფლობს, თავის პარტნიორებს ტელევიზიის წილების გასხვისება აუკრძალა. აკრძალვა 24 იანვარს ნოტარიულად დამოწმდა, საჯარო რეესტრში კი 6 თებერვალს აისახა.

"აეკრძალოთ გაასხვისონ, გადასცენ, დააგირაონ ან რაიმე უფლებით დატვირთონ შპს ფორმულაში მათი წილი შპს ფორმულას მიერ მაჟორიტარი პარტნიორისადმი ნაკისრი ფინანსური ვალდებულების სრულად დაფარვამდე", — ვკითხულობთ ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ დოკუმენტში.

მიშა მშვილდაძე, რომელიც გიორგი ლიფონავას, ირაკლი საღინაძისა და ზუკა გუმბერიძის მსგავსად, ფორმულას 12,5 პროცენტიან წილს ფლობს, On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ თანხა, რომლის დაფარვამდეც წილების გასხვისება შეეზღუდათ, ტელევიზიის ეთერში გასასვლელად იყო საჭირო. კომპანიის დირექტორი, ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ დამფუძნებლებმა (კეზერაშვილი, გუმბარიძე, ლიფონავა, მშვილდაძე, საღინაძე) დადეს პარტნიორთაშორისი შეთანხმება, რომლის დეტალებიც კონფიდენციალურია.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ ტელეკომპანიის დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ On.ge-სთან კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ დამფუძნებელთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელმაც არხის ეთერში გასვლა უზრუნველყო.

"სწორედ ამ გადაწყვეტილების შედეგად ჩვენ დამოუკიდებელი და ხარისხიანი ტელევიზიის სტაბილური მაუწყებლობა შევძელით. ამ შეთანხმების ნაწილია წილების გასხვისების აკრძალვა, რომ დაცული იყოს ტელეკომპანიის მეწილეებისა და ინვესტორის ინტერესები. ეს კი ბიზნეს ურთიერთობებში ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენს", — აღნიშნა გუმბარიძემ.