ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ რაბათის ციხე მოინახულა და თქვა, რომ რაც 8 წლის წინ იყო, იმას არაფერი მიმატებია. თუმცა, როგორც მერაბიშვილი ამბობს, იმისთვისაც მადლობელია, რომ "არაფერი არ გაუფუჭებიათ".

"მადლობა ღმერთს, ამ კომპლექსს აქვს მუდმივი შემოსავალი და ამ სტაბილური შემოსავლით სარგებლობს არა მარტო თვითონ ეს შენობა, არამედ ქალაქის მოსახლეობა. მე მითხრეს, რომ უამრავი ბინაა კაფედ, სასტუმროდ გადაკეთებული და ჩვენს მოქალაქეებს, ახალციხელებს აქვთ გარკვეული შემოსავალი. ერთ რამეს ვხედავ: რაც იყო 8 წლის წინ, იმას არაფერი არ მიმატებია. ამაზეც ძალიან დიდი მადლობა, ბევრი ჩვენი გაკეთებული საქმე გააკეთეს და გააფუჭეს და აქ რომ არაფერი არ გააფუჭეს, მადლობელი ვარ", — განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ვანო მერაბიშვილმა ციხე 20 თებერვალს დატოვა. მისი განცხადებით, პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს და იბრძოლებს, რომ ეს რეჟიმი წელსვე ჩამოშორდეს საქართველოს.

მერაბიშვილმა ციხე 6 წლისა და 9 თვის შემდეგ დატოვა. ის 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

ამჟამად საქალაქო სასამართლოში მერაბიშვილს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და იმედში შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. მისი ადვოკატის, ოთო კახიძის განმარტებით, ამ საქმეზე გამტყუნების შემთხვევაშიც კი, უკვე მოხდილი წლები ამეტებს ახალ შესაძლო სასჯელს და მერაბიშვილს ამის გამო ვერ დაიჭერენ.

ვანო მერაბიშვილის საქმე

ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5 მუხლთან ერთად.

"სასამართლომ დაასკვნა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მისი ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორებას არ ისახავდა მიზნად. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ბრალდებები, რაც წინასწარი პატიმრობის პერიოდში შუაღამით ციხიდან გაყვანასა და დაკითხვას უკავშირდებოდა, საკმარისად დამაჯერებელი და დადასტურებულია", — ნათქვამია ევროსასამართლოს განცხადებაში.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქმის განხილვა საქართველოს საჩივრის საფუძველზე დაიწყო. იუსტიციის სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ამავე სასამართლოს ერთ-ერთი პალატის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შესაბამისად, აღნიშნული ვერ შევიდა ძალაში აღსასრულებლად.

14 ივნისს, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან ერთად. მერაბიშვილის იმჟამიდელი ადვოკატი, ოთო კახიძე განმარტავდა, რომ კონვენციის მე-18 მუხლს მეხუთესთან ერთად ადგენენ მაშინ, როდესაც დისკრიმინაციული მოტივით ხდება პატიმრობის შეფარდება. კონვენციის მე-18 მუხლი უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს ეხება და ადგენს, რომ "ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის".