ოსკარების წლევანდელ დაჯილდოებაზე სამხრეთ კორეელმა რეჟისორმა, ბონგ ჯუნ ჰომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა: მისი ფილმი პარაზიტი პირველი არაინგლისურენოვანი ფილმი გახდა, რომელმაც საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. ამ წარმატებასთან ერთად, ბონგ ჯუნ ჰომ ლეგენდარული რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს შექებაც დაიმსახურა.

რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კორეაში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე პარაზიტის რეჟისორმა განაცხადა, რომ მარტინ სკორსეზემ პირადად მისწერა:

"ამ დილით მარტინ სკორსეზესგან წერილი მივიღე. წერილის მთლიან შინაარსზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ის ძალიან პირადულია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ბოლოსკენ მას ეწერა: "ყოჩაღ, ახლა შეგიძლია დაისვენო, ოღონდ ძალიან დიდხანსაც არა". მან ისიც მითხრა, რომ სხვა რეჟისორებთან ერთად ჩემს შემდეგ ფილმს ელოდება", — უთხრა ბონგ ჯუნ ჰომ ჟურნალისტებს.

წლევანდელ ოსკარებზე ბონგ ჯუნ ჰო მარტინ სკორსეზესთან ერთად იყო ნომინირებული, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და რეჟისორის ნომინაციაში. როცა გამარჯვებული გახდა, სცენაზე ასულმა სწორედ მარტინ სკორსეზეს მიმართ გამოხატა პატივისცემა:

"როცა ახალგაზრდა ვიყავი და კინოში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ეს ფრაზა მქონდა ჩაბეჭდილი გულში: "ყველაზე პირადი ყველაზე შემოქმედებითია". ეს სიტყვები კი ჩვენი დიდებული მარტინ სკორსეზეს ფილმიდან იყო".

ამ გამოსვლამ განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა დარბაზში.

ოსკარების 2020 წლის დაჯილდოებაზე ბონგ ჯუნ ჰომ წარდგენილი ექვსი ნომინაციიდან ოთხ მთავარ ნომინაციაში — საუკეთესო სცენარი, საუკეთესო საერთაშორისო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და წლის საუკეთესო ფილმი — გამარჯვება მოახერხა და წლის ნამდვილი ტრიუმფატორი გახდა.

მართალია, მან დასვენება ნამდვილად დაიმსახურა, თუმცა უკვე ვიცით, რომ მალე კვლავ ვიხილავთ მის ახალ პროექტს: არც მეტი, არც ნაკლები პარაზიტის სატელევიზიო ვერსიას, რომელზე მუშაობასაც წელსვე დაიწყებს.