საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თუ ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას არ დაუბრუნდება და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზებას არ მიიღებს, მაშინ არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება და ქართული ოცნება "ძალიან მაღალი ალბათობით" საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს. რაც მდინარაძის თქმით, ქართულ ოცნებას არაფერში სჭირდება.

მდინარაძის თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან იმიტომ არ ჯდება, რომ "რევოლუციური სცენარი აქვს", რომელსაც "ვერ განავითარებენ".

"მაქსიმუმ თებერვლის ბოლომდე უნდა თქვან უბრუნდებიან თუ არა დიალოგის მაგიდას. რაღაცა თავისი შემხვედრი ოდნავ რაციონალური წინადადება მაინც აქვთ თუ არა. ჩვენი წინადადება მათ იციან, ეს არის 100/50-ზე. თუ არ დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ე.ი. ხდება მათი ლუსტრაცია, რომ მათ არ აინტერესებთ საარჩევნო კოდექსი და არჩევნები და მათი სცენარი არის რევოლუციური", — განაცხადა მდინარაძემ.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პირობა არ შეასრულა და ქართული ოცნების ე.წ. აჯანყებულმა დეპუტატებმა ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საერთო პროტესტი დაიწყო. დაპირისპირებული ოპოზიციური ჯგუფები ერთი მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდნენ — ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემითა და ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარება.

პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიპლომატების მედიატორობით მოლაპარაკებების ფორმატი დაიწყო. მოლაპარეკებათა ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა. მმართველი გუნდი ოპონენტებს ახალ სამოქმედო გეგმას სთავაზობს. საუბარია იმაზე, რომ პარლამენტში პროპორციული წესით 100 დეპუტატი აირჩიონ, ნაცვლად 77-სა. ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დაააკავეს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეყწდა. 18 თებერვალს, ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებთან ცალ-ცალკე მოლაპარაკებებს განიხილავს.