რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო და კერძო კომპანიების ვებგვერდებზე მასშტაბურ კიბერთავდასხმას უარყოს. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში არ სურთ, წინა წლის კრიზისიდან გაკვეთილები გამოიტანონ.

"ყურადღებას იქცევს ვაშინგტონის, ლონდონის, თბილისისა და სხვების პროპაგანდისტული აქციის სინქრონიზირებულობა. ოთხი თვე დასჭირდა იმას, რომ რუსეთი გამოეყვანათ დამნაშავე ინციდენტში, რომელიც სავარაუდოდ წინა წლის 28 ოქტომბერს მოხდა. ყველა ბრალი კვლავ აგებულია ყბადაღებული highly likely-ის (მაღალი ალბათობის) პრინციპით.

სამწუხაროა, რომ თვითონ საქართველოში არ სურთ უარი, თქვან რუსეთის დემონიზაციის ხაზზე, წინა წლის კრიზისიდან გაკვეთილები გამოიტანონ. ეს კიდევ უფრო აყენებს ჩრდილს ისედაც რთულ ორმხრივ ურთიერთობებს. კვლავ დარწმუნებულები ვართ, რომ არსებული უთანხმოებების დაძლევა და ნორმალიზების პროცესის გაგრძელება რუსი და ქართველი ხალხის ინტერესებს პასუხობს. გვესმის, რომ არის ძალები, რომელთაც ეს საერთოდ არ აწყობთ", — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გაირკვა, რომ კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.

2019 წლის 28 ოქტომბერს ერთდროულად 15 ათასზე მეტი ვებგვერდი დაიჰაკა. კიბერთავდასხმის მსხვერპლი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები გახდა. მაშინ ვებგვერდებზე გამოჩნდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით "I'll Be Back".

გაიგეთ მეტი: