9 თებერვალს 45 წლის მსახიობმა, ხოაკინ ფენიქსმა პირველი ოსკარი მიიღო კაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის და სცენაზე ასულმა თავის სამადლობელო სიტყვაში ძირითადად ცხოველების უფლებებზე ისაუბრა.

ამ მოვლენიდან დაახლოებით 48 საათში მსახიობი ლოს-ანჯელესში მდებარე ცხოველების სასაკლაოზე მივიდა და ახალშობილი ხბო, რომელიც დედასთან უნდა დაეშორებინათ, თავად გადაარჩინა.

მსახიობმა ძროხა და მისი ნაშიერი სასაკლაოდან ცხოველების დაცვის ორგანიზაციაში, Farm Sanctuary-ში გადაიყვანა. სწორედ ამ დაწესებულებამ გაავრცელა ცოტა ხნის წინ ვიდეო, თუ როგორ ჩაიარა ყველაფერმა:

მსახიობმა გადარჩენილ ხბოს ინდიგო, მის მშობელს კი თავისუფლება (Liberty) დაარქვა.

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სასაკლაოსთან დამეგობრებას მოვახერხებდი, მაგრამ ენტონისთან (სასაკლაოს დირექტორი) შეხვედრამ მიმახვედრა, რომ, შესაძლოა, ჩვენ უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე — პირიქით. რომ არა მისი სიკეთე, ძროხა და მისი ხბო დაიღუპებოდნენ", — განაცხადა ხოაკინ ფენიქსმა. ვიდეოში ვხედავთ, როგორ საუბრობს თავად სასაკლაოს დირექტორიც, რომ ყოველთვის ცდილობს, ახალშობილი ხბო დედას არ დააშორონ.

"ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა იმ ცხოველის გასათავისუფლებლად, რომლებიც ამ სასტიკ სისტემაში იტანჯებიან, თუმცა ამავდროულად ხანდახან დრო მიღწეული გამარჯვებების აღნიშვნასაც უნდა დავუთმოთ. იმედი მაქვს, ჩვენ ვნახავთ, როგორ გაიზრდება ინდიგო დედასთან ერთად ამ ფერმაში და ყოველთვის გვემახსოვრება, რომ მეგობრობა ყველაზე მოულოდნელ ადგილებშიც კი შეიძლება აღმოცენდეს", — ამბობს მსახიობი გავრცელებულ ვიდეოში.

ოსკაროსანი ხოაკინ ფენიქსი ვეგანი, აქტივისტი და გარემოს ცნობილი დამცველია. ოსკარების წლევანდელ დაჯილდოებაზეც სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა:

"ჩვენ ვიჭრებით ბუნებაში და ვძარცვავთ მას თავისი რესურსების გამო. თავს უფლებას ვაძლევთ, რომ ხელოვნურად გავანაყოფიეროთ ძროხა და მშობიარობის შემდეგ ხბო წავართვათ. მიუხედავად იმისა, რომ მის ტანჯვაში ეჭვი არ გვეპარება, ხბოსთვის განკუთვნილ რძესაც ვიპარავთ და ყავას ან ბურღულეულს ვამატებთ. მგონია, რომ პიროვნული ცვლილების გვეშინია, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს მსხვერპლშეწირვა აუცილებელი იყო".