ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ექსპრემიერი, ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ ის მოქმედ შს მინისტრს არ შეაფასებს. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ როგორც ყოფილი შს მინისტრი რჩება "სტანდარტად" და მისგან მოქმედი მინისტრის შეფასება "ეჭვიანობის ნიშანი" იქნება.

"მე მომავალში არასოდეს არ გავაკეთებ შეფასებას მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის. იმიტომ, რომ ჩემი მხრიდან ეს გამოჩნდება სუბიექტურად. სხვადასხვა მიზეზების გამო მე ვრჩები სიმბოლოდ, ასე ვთქვათ, სტანდარტად და ყველა შემდგომ მინისტრს უწევს ჩემთან შედარება. ნებისმიერი ჩემი ნათქვამი იქნება რაღაც პირადი ეჭვიანობის ან სუბიექტურობის ნიშანი", — განუცხადა ვანო მერაბიშვილმა მთავარ არხს.

ვანო მერაბიშვილმა ციხე 20 თებერვალს დატოვა. მისი განცხადებით, პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს და იბრძოლებს, რომ ეს რეჟიმი წელსვე ჩამოშორდეს საქართველოს.

მერაბიშვილმა ციხე 6 წლისა და 9 თვის შემდეგ დატოვა. ის 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

ამჟამად საქალაქო სასამართლოში მერაბიშვილს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და იმედში შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. მისი ადვოკატის, ოთო კახიძის განმარტებით, ამ საქმეზე გამტყუნების შემთხვევაშიც კი, უკვე მოხდილი წლები ამეტებს ახალ შესაძლო სასჯელს და მერაბიშვილს ამის გამო ვერ დაიჭერენ.

ვანო მერაბიშვილის საქმე

ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5 მუხლთან ერთად.

"სასამართლომ დაასკვნა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მისი ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორებას არ ისახავდა მიზნად. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ბრალდებები, რაც წინასწარი პატიმრობის პერიოდში შუაღამით ციხიდან გაყვანასა და დაკითხვას უკავშირდებოდა, საკმარისად დამაჯერებელი და დადასტურებულია", — ნათქვამია ევროსასამართლოს განცხადებაში.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქმის განხილვა საქართველოს საჩივრის საფუძველზე დაიწყო. იუსტიციის სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ამავე სასამართლოს ერთ-ერთი პალატის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შესაბამისად, აღნიშნული ვერ შევიდა ძალაში აღსასრულებლად.

14 ივნისს, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან ერთად. მერაბიშვილის იმჟამიდელი ადვოკატი, ოთო კახიძე განმარტავდა, რომ კონვენციის მე-18 მუხლს მეხუთესთან ერთად ადგენენ მაშინ, როდესაც დისკრიმინაციული მოტივით ხდება პატიმრობის შეფარდება. კონვენციის მე-18 მუხლი უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს ეხება და ადგენს, რომ "ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის".