გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ევროპული საქართველოს ლიდერს, ელენე ხოშტარიას ზნედაცემულსა და "ქალის სახე დაკარგულს" უწოდებს. ის პოლიტიკოსს სექსისტურად აფასებს და ამბობს, რომ ხოშტარიასგან განსხვავებით, "ქალი არის კდემამოსილი".

რაზმაძემ თავდაპირველად ხოშტარიას შეურაცხყოფა ფეისბუქგვერდზე მიაყენა. პოსტში ის წერდა, რომ დეპუტატი "უზნეობისა და უტიფრობის განსახიერებაა". ტელეკომპანია ფორმულას კითხვაზე, ნანობს თუ არა ამ სიტყვებს, რაზმაძე ამბობს, რომ არაფერი აქვს სანანებელი.

"მაგის საქციელი, საუბარი, შეურაცხყოფები არაფერში არ ჯდება... ზნედაცემულობა, რომელიც მე ვთქვი, ძალიან იოლი და მოფერებითი სიტყვა იყო", — განაცხადა მან.

მას შემდეგ, რაც პროტესტის ნიშნად პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო ელენე ხოშტარია პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი გახდა. მას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა აგინა და ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა. ქართული ოცნების მხარდამჭერები კი ხოშტარიას რესტორანში მიუვარდნენ და საპროტესტო აქცია გაუმართეს.