ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ციხე დღეს დატოვა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობა არ მოეწონა და არც მომავალში მოუნდება ამ თანამდებობაზე ყოფნა. მისი თქმით, რადგან ერთხელ უკვე იკავებდა უმაღლეს პოსტს შეუძლებელია დაბრუნდეს, რომელიმე სამინისტროს ხელმძღვანელად.

მისივე განმარტებით, პრემიერობა არ მოეწონა, რადგან კონკრეტული საქმიანობა მოსწონს და სხვა უწყებებში უფრო მეტი ცვლილების გატარება შეეძლო.

"მომწონდა, როცა უშიშროების საბჭოს მდივანი ვიყავი და ვხელმძღვანელობდი აჭარის ასლან აბაშიძისგან გათავისუფლების ოპერაციას, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი და ვატარებდი პოლიციის რეფორმას, როცა ვებრძოდი კრიმინალს", — განაცხადა მან მთვარ არხზე გადაცემა აქცენტებში.

გარდა ამისა, მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერობა არ სურდა და ეს მისი მეგობრებისა და გუნდის ლიდერების გადაწყვეტილება იყო, რომელსაც პარტიის ინტერესების გამო დათანხმდა. მისი თქმით, მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ამიტომ წინასაარჩევნოდ მისი კანდიდატურა მომგებიანი იყო.

პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ციხე დღეს, 20 თებერვალს დატოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს და გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ რეჟიმი წელსვე ჩამოშორდეს საქართველოს.

მერაბიშვილმა ციხე 6 წლისა და 9 თვის შემდეგ დატოვა. ის 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

ამჟამად საქალაქო სასამართლოში მერაბიშვილს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და იმედში შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. მისი ადვოკატის, ოთო კახიძის განმარტებით, ამ საქმეზე გამტყუნების შემთხვევაშიც კი, უკვე მოხდილი წლები ამეტებს ახალ შესაძლო სასჯელს და მერაბიშვილს ამის გამო ვერ დაიჭერენ.

ვანო მერაბიშვილის საქმე

ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5 მუხლთან ერთად.

"სასამართლომ დაასკვნა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მისი ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორებას არ ისახავდა მიზნად. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ბრალდებები, რაც წინასწარი პატიმრობის პერიოდში შუაღამით ციხიდან გაყვანასა და დაკითხვას უკავშირდებოდა, საკმარისად დამაჯერებელი და დადასტურებულია", —ნათქვამია ევროსასამართლოს განცხადებაში.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქმის განხილვა საქართველოს საჩივრის საფუძველზე დაიწყო. იუსტიციის სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ამავე სასამართლოს ერთ-ერთი პალატის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შესაბამისად, აღნიშნული ვერ შევიდა ძალაში აღსასრულებლად.

14 ივნისს, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან ერთად. მერაბიშვილის იმჟამიდელი ადვოკატი, ოთო კახიძე განმარტავდა, რომ კონვენციის მე-18 მუხლს მეხუთესთან ერთად ადგენენ მაშინ, როდესაც დისკრიმინაციული მოტივით ხდება პატიმრობის შეფარდება. კონვენციის მე-18 მუხლი უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს ეხება და ადგენს, რომ "ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის".