აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი კრის სოჩა სამი ახალგაზრდული მოძრაობის: სირცხვილია, გაბედე და შეცვალეს ლიდერებს შეხვდა. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მან აქტივისტებთან ერთად მიმდინარე პოლიტიკური კლიმატი განიხილა და საქართველოს დემოკრატიული ტრადიციების გაღრმავებაში მსგავსი ჯგუფების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

კრის სოჩამ აღნიშნა, რომ მათი ხმები და მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიის გრძელვადიანი წარმატებისთვის.

კრის სოჩა საქართველოს არსებული პოლიტიკური გარემოს განსახილველად ეწვია. ის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, შეხვედრებზე სოჩამ, ისაუბრა საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე და ჩამოიტანა სენატის კომიტეტის თავმჯდომარის სენატორ ჯიმ რიშის მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. თუმცა, სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას.