ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს, რომ ევროპულ საქართველოს ოფისთან გამართული აქციის ზოგიერთი მონაწილე კორონავირუსზე შეამოწმონ. ამის შესახებ კანდელაკის მიერ მინისტრის სახელზე დაწერილ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც კანდელაკი წერს, გუშინ, 19 თებერვალს, ევროპული საქართველოს ოფისთან მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილემ განაცხადა, რომ კორონავირუსი აქვს და ამიტომ არის პირბადით შემოსილი.

"ვფიქრობ, აღნიშნული განცხადებები არ შეიძლება უყურადღებოდ იქნეს დატოვებული. თუკი არსებობს მცირედი შანსი მაინც, რომ აღნიშნულ პირებს მართლაც აქვთ კორონავირუსი, მათი სათანადო პირობებში არმოთავსება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს", — წერს კანდელაკი.

ასევე, კანდელაკის თქმით, თუკი ამ პირებმა კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია არასწორად გაავრცელეს, მაშინ არც ეს ფაქტი უნდა დატოვონ შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა უყურადღებოდ. მისი თქმით, სერიოზული სასიკვდილო საფრთხის შესახებ პანიკის განზრახ დათესვა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დასჯადი ქმედებაა.

გუშინ, 19 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერების გამო ევროპული საქართველოს ოფისთან ქართული ოცნების აქტივისტებმა აქციას გამართას და ელენე ხოშტარიასგან დეპუტატის მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. მათ პარტიის ოფისის შენობაზე სტიკერები გააკრეს წარწერით: "თქვენი ევროპული საქართველო უდრის თქვენს საბჭოთა საქართველოს". როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ისინი არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

აქციამდე ცოტა ხნით ადრე კი აქტივისტები ელენე ხოშტარიას ერთ-ერთ კაფეში მიეჭრნენ.

18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენაზე ოპოზიციის ლიდერებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საბჭოთა ჰიმნი ჩართეს. სხდომას დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა. ოპოზიციონერები მანდატურმა სხდომათა დარბაზიდან მალევე გაიყვანა. პარლამენტის თავმჯდომარე კი ჰიმნის ჩართვას ღიმილით შეხვდა და თანაგუნდელებს ტაშის დაკვრისკენ მოუწოდა, რასაც დეპუტატები აყვნენ. მუსიკის ფონზე ისმოდა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის ფრაზა: "ნახეთ, საწამლავიც არ ჰქონდეთ შემოტანილი სკუნსებს. დატოვეთ ′თუ შეიძლება დარბაზი".

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის მმართველ გუნდს ყოველთვის შეუქმნის დისკომფორტს.