ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოშ განხორციელებულ კიბერშეტევას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო უწყება ტვიტერზე წერს.

"ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას საქართველოში განხორციელებული კიბეროპერაციის გამო. ნორმების, წესებისა და პრინციპების პატივისცემა აუცილებელია საერთაშორისო მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის კიბერ სივრცეში", — წერს ნორვეგიის საგარეო უწყება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გაირკვა, რომ კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.

2019 წლის 28 ოქტომბერს ერთდროულად 15 ათასზე მეტი ვებგვერდი დაიჰაკა. კიბერთავდასხმის მსხვერპლი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები გახდა. მაშინ ვებგვერდებზე გამოჩნდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით "I'll Be Back".

გაიგეთ მეტი: