გაერთიანებული სამეფო გმობს რუსეთის მიერ საქართველოზე კიბერთავდასხმას 2019 წელს, რომლის დროსაც 15 000-მდე ვებგვერდი გაითიშა. მათი თქმით, ეს შეტევები ნაწილია რუსეთის მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი პოლიტიკისა, რომლის მიზანიც, საქართველოს სუვერენიტეტის შერყევაა.

"ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო მკაფიოა იმაში, რომ გრუ-ს მიერ განხორცეიელებული ეს კიბერშეტევები არის მცდელობა შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოვედლღიურ ცხოვრებას. გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად", — წერია საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის განცხადებით, გრუ-ს უპასუხისმგებლო და თავზეხელაღებული კიბერშეტევების კამპანია საქართველოს, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია.

"რუსეთის მთავრობას აქვს არჩევანი: გააგრძელოს ეს აგრესიული მოქმედებების სერია სხვა სახელმწიფოების მიმართ, ან გახდეს პასუხისმგებლიანი პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს", — განაცხადა მან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გაირკვა, კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.

2019 წლის 28 ოქტომბერს ერთდროულად 15 ათასზე მეტი ვებგვერდი დაიჰაკა. კიბერთავდასხმის მსხვერპლი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები გახდა. მაშინ ვებგვერდებზე გამოჩნდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით "I'll Be Back".

გაიგეთ მეტი: