ნეტფლიქსი უკვე დიდი ხანია გეგმავს, რომ ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობის, მერილინ მონროს შესახებ მხატვრული ფილმი გადაიღოს და როგორც იქნა, მას წელს ვიხილავთ.

ფილმს ცნობილი თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ჯოის კეროლ ოუტსის ბესტსელერი რომანის, Blonde-ის მიხედვით იღებენ, რომელიც 2000 წელს გამოქვეყნდა და ისეთი გავლენიანი ლიტერატურული დაჯილდოების ფინალისტებს შორისაც მოხვდა, როგორიცაა პულიცერი.

რომანის მსგავსად ფილმის სახელწოდებაც Blonde-ია (ქერათმიანი) და მერილინ მონროს რეალურ ბიოგრაფიულ ცნობებზე დაყრდნობით მსახიობის საოცრად საინტერესო, ემოციურ და ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს.

ფილმში მთავარ როლს კუბელი მსახიობი, ანა დე არმასი ასრულებს. გადასაღები მოედნიდან გავრცელებული კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ის იდეალურად შეეფერება ამ როლს.

ფოტო: SplashNews

"ფილმის პირველივე ქასთინგზე რეჟისორმა მითხრა, რომ სწორედ მე მეძებდა ამ როლისთვის, მაგრამ ეს სხვებისთვისაც უნდა დამემტკიცებინა: პროდიუსერებისთვისა თუ დამფინანსებლებისთვის. მაგრამ ვიცოდი, რომ ამას შევძლებდი. მერილინ მონროს განსახიერება ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობისაა: წარმოშობით კუბელი ქალი განსახიარებს მას. ეს მე ძალიან, ძალიან მინდოდა", — განაცხადა მსახიობმა ცოტა ხნის წინ Vanity Fair-თან მიცემულ ინტერვიუში.

ანა დე არმასს აქამდე ისეთ ფილმებში მიუღია მონაწილეობა, როგორებიცაა Blade Runner 2049, Knives Out და No Time to Die. აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად მომავალ ფილმში ვიხილავთ ოსკაროსან ედრიენ ბროუდისაც.

Blonde-ს რეჟისორი ედრიუ დომიკი იღებს, რომელსაც მაყურებლები იცნობენ ფილმებით The Assassination of Jesse James by the Coward Robert Ford (2007) და Killing Them Softly (2012).

ჯერჯერობით პრემიერის ზუსტი თარიღი ცნობილი არაა, თუმცა უახლოეს მომავალში ფილმის ტრეილერს, ხოლო წლის ბოლომდე ნეტფლიქსის პლატფორმაზე ამ საინტერესო კინოსურათის ხილვასაც უნდა ველოდოთ.