ბოლო სამი წლის მანძილზე ბრიტანეთის კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერები მსოფლიოს ონკოლოგიის უცნაურად ლამაზ მხარეს უზიარებდნენ.

კიბოს კვლევის ინსტიტუტის და მარსდენის სამეფო ფონდის თანამშრომლები კიბოს დასურათებაზე მუშაობდნენ. გადაღებული ფოტოები კი მეცნიერების და სამედიცინო ფოტოგრაფიის კონკრუსში გაიტანეს.

ფოტო: Sumana Shrestha

კონკურსის გამარჯვებული "კიბოს უჯრედების დიფერენციაცია" გახდა. ფოტოზე ნაჩვენებია თაგვის ღეროვანი ნერვული უჯრედები, რომლებსაც მკვლევრები გლიობლასტომის შესწავლისთვის იყენებდნენ. ფოტო მეცნიერმა სუმანა შრესთამ, კონფოკალური მიკროსკოპის მეშვეობით გადაიღო.

შრესთას კვლევა ცდილობს დაადგინოს რამდენად მოქმედებს მიკრო რნმ-ის მოლეკულების რაოდენობა კიბოს მსვლელობაზე და როგორ შეიძლება მისი გამოყენება კიბოსთან საბრძოლველად.

ფოტოზე ნეირონები წითლად ანათებენ, ხოლო მწვანე ვარსკვლავის ფორმის უჯრედები ასტროციტები არიან.

კონკურსში ექიმი შრესთას კიდევ ერთმა ფოტომ გაიმარჯვა:

ფოტო: Sumana Shrestha

გოლფის ბურთისებრი მიკრონაწილაკები ოქროს უთხელესი ფენით არის დაფარული. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მსგავსი მიკრონაწილაკებით სხეულის კონკრეტულ ადგილებში წამლის მიწოდება მოხერხდება, რაც ექიმებს უჯრედების გაყოფის სიხშირის კონტროლში დაეხმარებათ.

ფოტო: Vicky Bousgouni and Chris Bakal

კიდევ ერთ გამარჯვებულ ფოტოზე მელანომას უჯრედი (მწვანე) არის ნაჩვენები, რომელიც კოლაგენის ქსოვილში იჭრება. ეს კიბოს უჯრედის ერთ-ერთი პირველი 3D ფოტოა, რომელიც ელექტრონული მიკროსკოპის მეშვეობით არის გადაღებული.

მეცნიერებისთვის საინტერესოა როგორ მოქმედებს კიბოს უჯრედი კოლაგენზე. ფოტოზე ნაჩვენებია როგორ იხლართება სიმსივნური უჯრედი კოლაგენში ამით კი მის [კიბოს უჯრედის] გარშემო სივრცეს ცვლის.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მსგავსი ფოტოები მათ სიმსივნური და ნორმალური უჯრედების ურთიერთქმედების შესწავლაში დაეხმარებათ.

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე მეტასტაზური მელანომას უჯრედია ნაჩვენები, რომელიც მკვლევრებმა იონური სხივით გახლიჩეს. სამკუთხედი "ორმო", რომელსაც ფოტოზე ხედავთ, დასხივების დატოვებული კვალია. ფოტო ნიკ მოსერმა და ქრის ბაკალმა გადაიღეს.

ფოტო: Nick Moser and Chris Bakal