საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართულ ვებგვერდებზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა, რა დროსა 15 ათასზე მეტი საიტი გაითიშა, რუსეთმა განახორციელა. ამის შესახებ სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კონსტანტინიდი განმარტავს, კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა. მისივე თქმით, ქართულ მხარის გამოძიებასთან საერთაშორისო პარტნიორები თანამშრომლობდნენ.

2019 წლის 28 ოქტომბერს ერთდროულად 15 ათასზე მეტი ვებგვერდი დაიჰაკა. კიბერთავდასხმის მსხვერპლი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები გახდა. მაშინ ვებგვერდებზე გამოჩნდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით "I'll Be Back".

"აღნიშნული კიბერშეტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას", — აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ბრიფინგზე"

მისივე თქმით, საქართველოს გმობს კიბერშეტევას, რომელიც სუვერენტიტეტის მორიგ ხელყოფას წარმოადგენს:

"მომხდარი ხაზს უსვამს ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების განმტკიცებისკენ საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმართული ძალისხმევის მნიშვნელობას და ასევე კიდევ ერთხელ მოწმობს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბების აუცილებლობას".

ამასთანავე, კონსტანტინიდი აღნიშნავს, რომ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის საქართველო განაგრძობს პარტნიორებთან თანამშრომლობას.