იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ვანო მერაბიშვილს მინის თანაპარტიელები და ადვოკატები მედიის საშუალებით ბევრ ტყუილს ეუბნებოდნენ. მისივე თქმით, ადვოკატები ატყუებდნენ, რომ ის პოლიტპატიმრად აღიარეს.

"ვარ ხოლმე მოწმე, როგორ იქცევიან გარეთ მყოფი პირები პატიმართან მიმართებაში, როდესაც ატყუებენ, რომ მინისტრთა კომიტეტი გაგათავისუფლებს, რომ ევროსაბჭო გაგათავისუფლებს. ბატონი [გიგა] ბოკერიადან დაწყებული, მისი ადვოკატებით, პარტიის წევრებით დასრულებული, რომლებიც ადვოკატის სტატუსით იყვნენ, ამ პატიმარს მედიის საშუალებით ძალიან ბევრ ტყუილს ეუბნებოდნენ. არა და ეს პატიმარი გათავისუფლდა მაშინ, როდესაც სრულად მოიხადა სასჯელი", — განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმითვე, ვანო მერაბიშვილს ეუბნებოდნენ, რომ საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამო ევროსაბჭო მთავრობას მის ვადამდე ადრე გათავისუფლებას დაავალებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა:

"ამიტომაც ის სიცრუის მანქანა ნაციონალური მოძრაობა და მისი ნაფოტად ქცეული პარტიები ამუშავებენ ხოლმე და საზოგადოებაში შეჰყავთ შეცდომაში, ამ შემთხვევაში მათ თავიანთი პარტიის წევრი, ალბათ, ახლობელი და მეგობარი წლების მანძილზე ტყუილში აცხოვრეს".

მერაბიშვილმა ციხე 6 წლისა და 9 თვის შემდეგ დატოვა. ის 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

ვანო მერაბიშვილის საქმე

ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5 მუხლთან ერთად.

"სასამართლომ დაასკვნა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მისი ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორებას არ ისახავდა მიზნად. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ბრალდებები, რაც წინასწარი პატიმრობის პერიოდში შუაღამით ციხიდან გაყვანასა და დაკითხვას უკავშირდებოდა, საკმარისად დამაჯერებელი და დადასტურებულია", —ნათქვამია ევროსასამართლოს განცხადებაში.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქმის განხილვა საქართველოს საჩივრის საფუძველზე დაიწყო. იუსტიციის სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ამავე სასამართლოს ერთ-ერთი პალატის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შესაბამისად, აღნიშნული ვერ შევიდა ძალაში აღსასრულებლად.

14 ივნისს, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან ერთად. მერაბიშვილის იმჟამიდელი ადვოკატი, ოთო კახიძე განმარტავდა, რომ კონვენციის მე-18 მუხლს მეხუთესთან ერთად ადგენენ მაშინ, როდესაც დისკრიმინაციული მოტივით ხდება პატიმრობის შეფარდება. კონვენციის მე-18 მუხლი უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს ეხება და ადგენს, რომ "ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის".