პარლამენტის პირველი-ვიცე სპიკერი, გია ვოლსკი ბიძინა ივანიშვილისთვის რაგბის კავშირის მიერ დაბადების დღის მილოცვას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ მილოცვას "ბრიყვთა გნიასი" მოჰყვა, რაც "სირცხვილი და ორკესტრირებული უტიფრობაა".

მისი თქმით, რომ არა ეს "გნიასი", საზოგადოების დიდი ნაწილი ვერასოდეს გაიგებდა თუ რამდენი გაიღო, ან საერთოდ თუ დაეხმარა რაგბის აღორძინებას, განათლებას, კულტურას, მეცნიერებას, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, და სხვა სფეროებს ივანიშვილი.

"ბიძინა ივანიშვილს არც მილოცვა და მით უმეტეს შექება არ უთხოვია, არასოდეს, არაფრისათვის! საკუთარ ბიოგრაფიას სიკეთის თესვით ქმნიდა, ქართული რაგბის აღორძინებაც ამისათვის განიზრახა და ბევრიც გააკეთა. ერთი დამისახელონ მის მიერ განხორციელებული რომელი პროექტია ისეთი, საიდანაც მისი შვილიშვილები მოესწრებიან სარგებლის მიღებას...
დაბადების დღეს გილოცავთ ბატონო ბიძინა", — წერს გია ვოლსკი.

საქართველოს რაგბის კავშირმა განცხადება გაავრცელა და სრულიად საქართველოს სარაგბო თემის სახელით ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა. მათი თქმით, ივანიშნილი მსოფლიო რაგბის მიერ გამორჩეული მეცენატია, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ სპორტის განვითარებაში.

ბიძინა ივანიშვილი მმართველი გუნდის, ქართული ოცნების თავმჯდომარეა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზოციური სპექტრი არაფორმალურ მმართველად მოიხსენიებენ.