საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის, მამუკა ჟღენტის მიერ ფეისბუქში გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ განცხადების გამო სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტი გააუქმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური იყო და მისი გავრცელება უპასუხისმგებლო და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელია.

მათივე თქმით, "განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და დამაფიქრებელია" ის, რომ მსგავს ინფორმაციას "ცინიკურ კონტექსტში" ავრცელებს საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში, რომელმაც "შესანიშნავად იცის" კონფიდენციალური ინფორმაციის მნიშვნელობა და მასთან მოპყრობის წესები.

"საქართველოს პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი წინასწარ გავრცელება მკაცრად იკრძალება. ამგვარი განცხადების გამო, საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის სამინისტრო, სამშვიდობო მისიების უსაფრთხოების წესების თანახმად, იძულებული გახდნენ მარტში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმონ. საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი წუხს იმის გამო, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მარტის თვეში დაგეგმილი ვიზიტი და ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრა ვერ განხორციელდება", — ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დღეს, 19 თებერვალს, ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, მამუკა ჟღენტმა ფეისბუქზე დაპოსტა, რომ მარტში სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ათდღიანი ვიზიტით მიემგზავრებოდა.