აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მაუწყებლის გადარჩენისათვის დახმარებას სთხოვენ.

როგორც მაუწყებლის თანამშრომლები აცხადებენ, მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მიიჩნევენ.

მათი თქმით, მაუწყებელში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც დაიწყო 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, გაგრძელდა მაუწყებლიდან ნათია ზოიძის იძულებით წასვლით და ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების ამოწურვით.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარება საარჩევნო წელს ემსახურება არასასურველი კადრების, განსაკუთრებით კი — კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას.

"მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში", — ნათქვამია ჟურნალისტების განცხადებაში.

დღეს, 19 თებერვალს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართული ოცნებისგან დაკომპლექტებულმა მრჩეველთა საბჭომ სამსახურის უფროსების მოადგილეების თანამდებობები გააუქმა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მრჩეველთა საბჭომ დღეს მიიღო.

მათ შორის გაუქმდა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის, მაია მერკვილაძის თანამდებობა. დირექტორი ირწმუნება, რომ მას მსგავსი შინაარსის თანამდებობას შესთავაზებს.

აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები მოკლედ

აჭარის მაუწყებელში დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენების შემდეგ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობდნენ. ტელევიზიების თანამშრომლებს მიაჩნდათ, რომ ხელისუფლება მათზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა. დირექტორის გადაყენებიდან რვა თვის განმავლობაში კონკურსი სამჯერ ჩაიშალა, მეოთხე ცდაზე კი მმართველი პარტიისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ გიორგი კოხრეიძე აირჩია, რომლის მიმართაც თანამშრომლებს კითხვები აქვთ.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ჯერ კიდევ კენჭისყრამდე ამბობდა, რომ კოხრეიძის არჩევით სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნებოდა. კოხრეიძემ დანიშვნის დღესვე არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობისას განაცხდა, რომ ჟურნალისტებს კრიტიკულ ტონს უწუნებდა. ამავე ეთერში მან უყვირა წამყვანს, თეონა ბაკურიძეს, რაც იმით განმარტა, რომ ჟურნალისტი მის კითხვებს არ პასუხობდა. საუბრის გაგრძელების შემდეგ კი მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაამართლა, რომელმაც ბაკურიძეს ეთერში "დაოკებისკენ" მოუწოდა. კოხრეიძის თქმით, ამ რეპლიკამდე რიჟვაძე წამყვანმა მიიყვანა.

კოხრეიძის არჩევის შემდეგ აჭარის ტელევიზია დატოვეს მაუწყებლის კონსულტანტმა ზვიად ქორიძემ და მედიამენეჯერმა, მარინა ვაშაყმაძემ. ტელევიზიიდან წავიდა დირექტორის ყოფილი მოადგილე, ნათია ზოიძეც. ის აცხადებდა, რომ კოხრეიძე სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორებისკენ მოუწოდებდა ან სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრებოდა.

აღნიშნული თანამდებობების გაუქმების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ ცვლილებათა პაკეტი წარმოადგინა. საშტატო ცვლილებები ეხებათ: ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის, მაია მერკვილაძის თანამდებობას, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს.