პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერების გამო ევროპული საქართველოს ოფისთან ქართული ოცნების აქტივისტები აქციას მართავენ და ელენე ხოშტარიასგან დეპუტატის მანდატის დატოვებას ითხოვენ. მათ პარტიის ოფისის შენობაზე სტიკერები გააკვრეს, წარწერით: "თქვენი ევროპული საქართველო უდრის თქვენს საბჭოთა საქართველოს". როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

"ვაპროტესტებთ საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერებას. ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური ვალდებულება უნდა აიღოს საქართველოს მოსახლეობასთან, მად უნდა დატოვოს დეპუტატის მანდატი და მოუხადოს საქართველოს მოსახლეობას ბოდიში", — აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციამდე ცოტა ხნით ადრე კი აქტივისტები ელენე ხოშტარიას ერთ-ერთ კაფეში მიეჭრნენ.

ამავე მოთხოვნით, გუშინ, 18 თებერვალს ევროპული საქართველოსა და ლეიბორისტული პარტიის ოფისებთან აქცია ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც გამართეს. მანამდე, ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და საკრებულოს დეპუტატმა, გიორგი ჩაკვეტაძემ მოთხოვნა ფეისბუქზე დაწერა.

18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენაზე ოპოზიციის ლიდერებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საბჭოთა ჰიმნი ჩართეს. სხდომას დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა. ოპოზიციონერები მანდატურმა სხდომათა დარბაზიდან მალევე გაიყვანა. პარლამენტის თავმჯდომარე კი ჰიმნის ჩართვას ღიმილით შეხვდა და თანაგუნდელებს ტაშის დაკვრისკენ მოუწოდა, რასაც დეპუტატები აყვნენ. მუსიკის ფონზე ისმოდა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის ფრაზა: "ნახეთ საწამლავიც არ ჰქონდეთ შემოტანილი სკუნსებს. დატოვეთ თუ შეიძლება დარბაზი".

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი მმართველ გუნდს ყოველთვის შეუქმნიან დისკომფორტს.

"ერთადერთი რისი სიმბოლოც ეს ყველაფერი არის საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირი. ეს არის ხელოვნური რეალობა, რომელიც უნდათ, რომ შექმნან. რეალობა ქვეყანაში არის სხვა, ადამიანები აპროტესტებენ, ადამიანები ითხოვენ თავისუფალ მართლმსაჯულებას, არჩევნების თავისუფლებას, რომ ხალხი წყვეტდეს ვინ იქნება ამ დარბაზში და არა ბიძინა ივანიშვილი. ყველა შემთხვევაში, როდესაც ეგონებათ, რომ კომფორტულად ჩაიკეტებიან დარბაზში და ხელოვნური, გულისამრევი, არაფრისმთქმელი გამოსვლებით შეიქმნიან კომფორტს, ყოველთვის ექნებათ ეს დისკომფორტი", — თქვა ელენე ხოშტარიამ.

პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და პარლამენტის სხდომებს არ ესწრება. დღესაც ისინი პარლამენტის გარეთ საპროტესტო აქცია-პიკეტზე იმყოფებოდნენ.