სულ ცოტა ხნის წინ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კინოინდუსტრიაში ცნობილი კომპანია A24 ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას, რომელშიც მთავარ როლებს რობერტ პატინსონი და მარგარეტ ქუალი შეასრულებენ.

მომავალი ფილმის სახელწოდება The Stars at Noon-ია, რომელსაც ფრანგი რეჟისორი, კლერ დენი გადაიღებს. აღსანიშნავია, რომ რეჟისორის წინა ფილმშიც — High Life, რომელიც 2018 წელს გამოვიდა, რობერტ პატინსონი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

პატინსონთან ერთად ფილმში ვიხილავთ ახალგაზრდა მსახიობ მარგარეტ ქუალსაც, რომელმაც გასულ წელს კვენტინ ტარანტინოს ფილმ Once Upon a Time... in Hollywood-ში და სერიალ Fosse/Verdon-ში ითამაშა.

The Stars at Noon-ს ცნობილი ამერიკელი მწერლის, დენის ჯონსონის 1986 წელს გამოქვეყნებული ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით იღებენ, რომელიც 1984 წელს ნიკარაგუაში მიმდინარე რევოლუციის შესახებ მოგვითხრობს.

სიუჟეტის მიხედვით რობერტ პატინსონი ინგლისელი ბიზნესმენის როლში მოგვევლინება, რომელიც ამერიკელ ჟურნალისტს (მარგარეტ ქუალი) შეხვდება და ქვეყანაში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური მოვლენების ფონზე მათი სასიყვარულო ისტორია განვითარდება.

ფილმის გადაღებები წელს დაიწყება და სავარაუდოდ, მისი პრემიერა 2021 წელს შედგება. მომავალ წელს ვიხილავთ მეთ რივზის ფილმსაც, რომელშიც რობერტ პატინსონი ბეტმენის როლს ასრულებს, ხოლო მანამდე, ამ წლის ზაფხულში კრისტოფერ ნოლანის ფილმ Tenet-ის პრემიერა შედგება, რომელშიც ასევე ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს პატინსონი.