აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს. მისი თქმით, მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმს და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე.

ომბუდსმენის თქმით, ტელეკომპანია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოირჩევა თავისუფალი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით, თუმცა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების საკითხი.

"განსაკუთრებით საყურადღებოა აგრეთვე ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ტელევიზიაში დაგეგმილი საშტატო ცვლილებების, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების და გადაცემა ჰეშთეგის ერთ-ერთი წამყვანის ეთერიდან მოსალოდნელი ჩამოშორების თაობაზე", — ნათქვამია სახალხო დამველის განცხადებაში.

როგორც ომბუდსმენი ამბობს, არსებული გარემოებები აჩენს ეჭვებს კრიტიკული მედიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობის შესახებ და მოუწოდებს მრჩეველთა საბჭოს, საშტატო ცვლილებები კრიტიკულად განიხილონ და მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო სამსახურის უფროსების მოადგილეების თანამდებობების გააუქმებას განიხილავს. აღნიშნული თანამდებობების გაუქმების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ ცვლილებათა პაკეტი წარმოადგინა.

საშტატო ცვლილებები ეხებათ: ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის, მაია მერკვილაძის თანამდებობას, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს.

აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები მოკლედ

აჭარის მაუწყებელში დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენების შემდეგ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობდნენ. ტელევიზიების თანამშრომლებს მიაჩნდათ, რომ ხელისუფლება მათზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა. დირექტორის გადაყენებიდან რვა თვის განმავლობაში კონკურსი სამჯერ ჩაიშალა, მეოთხე ცდაზე კი მმართველი პარტიისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ გიორგი კოხრეიძე აირჩია, რომლის მიმართაც თანამშრომლებს კითხვები აქვთ.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ჯერ კიდევ კენჭისყრამდე ამბობდა, რომ კოხრეიძის არჩევით სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნებოდა. კოხრეიძემ დანიშვნის დღესვე არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობისას განაცხდა, რომ ჟურნალისტებს კრიტიკულ ტონს უწუნებდა. ამავე ეთერში მან უყვირა წამყვანს, თეონა ბაკურიძეს, რაც იმით განმარტა, რომ ჟურნალისტი მის კითხვებს არ პასუხობდა. საუბრის გაგრძელების შემდეგ კი მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაამართლა, რომელმაც ბაკურიძეს ეთერში "დაოკებისკენ" მოუწოდა. კოხრეიძის თქმით, ამ რეპლიკამდე რიჟვაძე წამყვანმა მიიყვანა.

კოხრეიძის არჩევის შემდეგ აჭარის ტელევიზია დატოვეს მაუწყებლის კონსულტანტმა ზვიად ქორიძემ და მედიამენეჯერმა, მარინა ვაშაყმაძემ. ტელევიზიიდან წავიდა დირექტორის ყოფილი მოადგილე, ნათია ზოიძეც. ის აცხადებდა, რომ კოხრეიძე სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორებისკენ მოუწოდებდა ან სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრებოდა.