თბილისის მერმა კახა კალაძემ უსამართლო უწოდა იმას, რომ დასუფთავების მოსაკრებელს ფიზიკური პირები უფრო მეტს იხდიან, ვიდრე იურიდიული პირები. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

"დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების, თითქმის, 95-პროცენტიანი მაჩვენებელი გვაქვს, რაც ძალიან კარგია. თუმცა არის პრობლემა, ყველანაირი მონაცემებით, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ფიზიკური პირები იურიდიული პირების სუბსიდირებას ახდენენ", — აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, ამის გამო მერიის კომპანია თბილსერვისი, რომელიც დასუფთავებაზე ზრუნავს, ყოველწლიურად 20 მილიონ ლარს კარგავს. მერმა თავის მოადგილეებს დაავალა, რომ გაერკვიათ როგორია დასუფთავების მოსაკრებელი განვითარებულ ქვეყნებში.