ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დიდწილად არის დამოკიდებული მასში მცხოვრები ადამიანების წარმატება, კეთილდღეობა და წინსვლა. მსოფლიოში განვითარებულ ქვეყნებთან ერთად არსებობენ ისეთებიც, რომელთა ეკონომიკური თუ სოციალური განვითარების დონე შემაშფოთებელია.

გამოცემა gazettereview-ის მიხედვით, 2016 წლის ყველაზე ღარიბი ქვეყნების სია ასე გამოიყურება:

გვინეა (მშპ ერთ მოსახლეზე $523,10)

ფოტო: Friedrich Stark / Alamy Stock Photo

გვინეა დასავლეთ აფრიკაში მდებარეობს. აგრარული და სოფლის მეურნეობის განვითარებამ დროებით უშველა ქვეყნის ეკონომიკას, თუმცა სწრაფ აღმასვლას ასევე სწრაფი ვარდნა მოჰყვა. დღეს გვინეა ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა მსოფლიოში. მის განვითარებას არაეფექტური და მოძველებული მეთოდები, ასევე ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობა აფერხებს.

ეთიოპია (მშპ ერთ მოსახლეზე $505)

ფოტო: Compassion

ეთიოპია ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა. მიუხედავად გატარებული ეკონომიკური რეფორმებისა, დღეს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 505 დოლარია. სიღარიბის მიზეზი მოსახლეობის სიმრავლე და რესურსების ნაკლებობაა. ეთიოპიაში დაახლოებით 85 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

გამბია (მშპ ერთ მოსახლეზე $488,60)

ფოტო: 300tdorg

გამბია ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ღარიბი სახელმწიფოა დასავლეთ აფრიკაში, აქ დაახლოებით 1,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანა ცდილობს სიღარიბისაგან თავის დაღწევას, თუმცა მისი ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის იმედზეა. ყოველი მეორე მოქალაქე სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

კონგო (მშპ ერთ მოსახლეზე $484,20)

ფოტო: Kate Holt / Care

კონგო 77 მილიონი მაცხოვრებლით სიდიდით მეორე ქვეყანაა აფრიკაში. მიუხედავად ბუნებრივი რესურსებისა, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო უამრავი ადამიანი უმუშევარია, შედეგად კი ქვეყანაში სიღარიბე მძვინვარებს.

მადაგასკარი (მშპ ერთ მოსახლეზე $463,00)

ფოტო: Anton_Ivanov / Shutterstock

ბოლო 20 წლის მანძილზე ამ ქვეყნის ეკონომიკა მკვეთრად შემცირდა, მოსახლეობა კი 20 მილიონს აჭარბებს. აქედან 70% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. მიზეზი აქაც სოფლის მეურნეობის არაეფექტური პოლიტიკა, არასაკმარისი მრეწველობა და მოსახლეობის დიდი რაოდენობაა.

ლიბერია (მშპ ერთ მოსახლეზე $454,30)

ფოტო: Wikipedia

საომარმა მდგომარეობამ, რომელშიც ეს ქვეყანა 14 წლის განმავლობაში იყო, სავალალო შედეგები გამოიწვია. ჩამოიშალა ეკონომიკა და დღეს ლიბერიაში მოსახლეობის 80% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

ნიგერია (მშპ ერთ მოსახლეზე $415,40)

ფოტო: Veronique de Viguerie

გარდა იმისა, რომ ნიგერია მსოფლიოს ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანაა, ის ასევე ყველაზე განუვითარებელია უამრავ დარგსა თუ სფეროში. აქ ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მოსახლეობის უმრავლესობა კი სრულ სიღატაკეში ცხოვრობს.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (მშპ ერთ მოსახლეზე $333,30)

ფოტო: Sergey Uryadnikov / Shutterstock

ცენტრალური აფრიკის ამ სახელმწიფოშიც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. მიუხედავად ძვირფასი ბუნებრივი რესურსებისა, პრობლემას არაეფექტური და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა ქმნის.

ბურუნდი (მშპ ერთ მოსახლეზე $267,10)

ფოტო: Rescue-UK

ბურუნდი ყველაზე ღარიბთა შორის მეორე ადგილზეა. ქვეყანა ცდილობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, მაგრამ ხვნა-თესვისათვის ვარგისი მიწა ამ ქვეყანაში ძალიან ცოტაა. სიღარიბის მაჩვენებელი 67%-ია.

მალავი (მშპ ერთ მოსახლეზე $226,50)

ფოტო: Wikipedia

მალავი, სადაც 16 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. აქ არ არის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა და ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი. სოფლის მეურნეობა პრიმიტიულ დონეზეა განვითარებული, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე, ყველაზე დაბალი, 226,50 დოლარია.