ნეტფლიქსი თავის მომხმარებლებს ხშირად ანებივრებს ახალ-ახალი სატელევიზიო შოუებით, მათ შორის კი თინეიჯერების შესახებ გადაღებული სერიალები ჭარბობს: იქნება ეს Sex Education, 13 Reasons Why თუ Chilling Adventures of Sabrina.

სულ ცოტა ხნის წინ კომპანიამ ახალი პროექტის I Am Not Okay With This ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელიც ასევე მოზარდების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

ახალი სატელევიზიო შოუ ამერიკელი მწერლის, ჩარლზ ფორსმენის 2017 წელს გამოქვეყნებული ამავე სახელწოდების მქონე გრაფიკული რომანის მიხედვით გადაიღეს. პროექტზე შექმნაზე უკვე ცნობილი სერიალების — The End of the F***ing World-ის რეჟისორმა და Stranger Things-ის პროდიუსერმა, ჯონათან ენთუისთლიმ იმუშავა.

ვისაც ეს ორი გახმაურებული სატელევიზიო შოუ უკვე უნახავს, მათგან ნაცნობ საერთო თემებს I Am Not Okay With This-ის სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ტრეილერშიც შენიშნავდა: მოზარდების ყოველდღიური ცხოვრება, პრობლემები სკოლაში, ჩახლართული სასიყვარულო ისტორიები, უჩვეულო იუმორი და სამეცნიერო ფანტასტიკის დეტალები.

სერიალში მთავარ როლებს ფილმ It-ის ახალგაზრდა მსახიობები, სოფია ლილისი და უაიტ ოლეფი ასრულებენ. სიუჟეტის ძირითადი ხაზია სოფია ლილისის პერსონაჟის, სიდნეის ირგვლივ განვითარდება, რომელიც მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ ზებუნებრივ ძალებს ფლობს — მას ტელეკინეზის უნარი აქვს.

ამის გამო ბევრს სტივენ კინგის გახმაურებული რომანის, კერის ამავე სახელწოდების მქონე ეკრანიზაციაც გაახსენდა, რომელიც ასევე ტელეკინეზის უნარის მქონე მოზარდი გოგოს შესახებ მოგვითხრობს.

ფოტო: Netflix

ფოტო: Sony

როგორც ჩანს, წინ კიდევ ერთი საინტერესო სანახაობა გველოდება და ისღა დაგვრჩენია, პრემიერის თარიღს — 26 თებერვალს მოუთმენლად დაველოდოთ.