ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ პროტესტის ნიშნად ჩართულ საბჭოთა კავშირის ჰიმნს "ქვეცნობიერის გამოვლინებად" და "ამორალურ" საქციელად აფასებს.

"ქვეცნობიერი, როგორც ჩანს, თავისას შვება. თავისი რუსი შემკვეთები, რაც არ უნდა გადაჭარბებულად ჟღერდეს ამ ქვეყანაში, ალბათ, რუსული ჰიმნის გახმოვანებისათვის მადლობასაც კი ეტყვიან. ყოველთვის აკეთებდნენ რუსულ საქმეს და მხოლოდ სიტყვით იყვნენ პროდასავლურები", — განაცხადა მან პარლამენტის ტრიბუნიდან.

ოპოზიციის ლიდერებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მოხსენებისას ჩართეს. მუსიკა სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც თალაკვაძე ოპოზიციას აგვისტოს ომის მოვლენებზე აკრიტიკებდა.

პარლამენტის თავმჯდომარე პროტესტის ფორმას ღიმილით შეხვდა და თანაგუნდელებს ტაშის დაკვრისკენ მოუწოდა, რასაც დეპუტატები აყვნენ. მუსიკის ფონზე ისმოდა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის ფრაზა:

"ნახეთ საწამლავიც არ ჰქონდეთ შემოტანილი სკუნსებს. დატოვეთ თუ შეიძლება დარბაზი".

პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და პარლამენტის სხდომებს არ ესწრება. დღესაც ისინი პარლამენტის გარეთ საპროტესტო აქცია-პიკეტზე იმყოფებოდნენ.