ევროპული საქართველოს დეპუტატი, ელენე ხოშტარია, ამბობს, რომ ოპოზიცია მმართველ გუნდს ყოველთვის შეუქმნის დისკომფორტს. დეპუტატმა ეს კომენტარი, პარლამენტში არჩილ თალაკვაძის ყოველწლიური მოხსენების დროს საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვის შემდეგ გააკეთა.

"ერთადერთი რისი სიმბოლოც ეს ყველაფერი არის საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირი. ეს არის ხელოვნური რეალობა, რომელიც უნდათ, რომ შექმნან. რეალობა ქვეყანაში არის სხვა, ადამიანები აპროტესტებენ, ადამიანები ითხოვენ თავისუფალ მართლმსაჯულებას, არჩევნების თავისუფლებას, რომ ხალხი წყვეტდეს ვინ იქნება ამ დარბაზში და არა ბიძინა ივანიშვილი. ყველა შემთხვევაში, როდესაც ეგონებათ, რომ კომფორტულად ჩაიკეტებიან დარბაზში და ხელოვნური, გულისამრევი, არაფრისმთქმელი გამოსვლებით შეიქმნიან კომფორტს, ყოველთვის ექნებათ ეს დისკომფორტი", — თქვა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას განმარტებით, საბჭოთა კავშირის ჰინის გაჟღერება არის გზავნილი, რომ არ ეგუებიან საბჭოთა კავშირის დამკვიდრებას ქვეყანაში. დეპუტატის თქმით, დემოკრატია არაა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ნახევრად ცარიელ დარბაზში საუბრობს. მისი თქმით, დემოკრატია არის კამათი, თუნდაც მწვავე კრიტიკა, ხოლო დღევანდელ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსის დასწრება "ქვეყნის სირცხვილია".

პარლამენტის თავმჯდომარე საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას ღიმილით შეხვდა და თანაგუნდელებს ტაშის დაკვრისკენ მოუწოდა, რასაც დეპუტატები აყვნენ. მუსიკის ფონზე ისმოდა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის ფრაზა: "ნახეთ საწამლავიც არ ჰქონდეთ შემოტანილი სკუნსებს. დატოვეთ თუ შეიძლება დარბაზი".

პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და პარლამენტის სხდომებს არ ესწრება. დღესაც ისინი პარლამენტის გარეთ საპროტესტო აქცია-პიკეტზე იმყოფებოდნენ.