ჩინეთის ქალაქ უხანში ერთ-ერთი წამყვანი საავადმყოფოს დირექტორი, ლიუ ჩიმინგი კორონავირუსის გამო გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

ლიუ ჩიმინგი იმ საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა, საიდანაც დაიწყო ინფექციამ გავრცელება.

ამჟამინდელი მონაცემებით, კორონავირუსის გამო 1 868 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი 72 ათასამდე გაიზარდა. ჩინეთის გარეთ ინფექცია ათასამდე ადამიანს დაუფიქსირდა. ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა იაპონიაში — 619, მათ შორის არიან საკრუიზო ლაინერ Dimond Princess-ის 454 მგზავრი.

თებერვლის დასაწყისში გარდაიცვალა ჩინელი ექიმი, ლი ვენლიანგი, რომელიც საზოგადოებას დეკემბერში აფრთხილებდა "კორონავირუსის მსგავსი" დაავადების გავრცელების საფრთხეზე.

განგაშის ატეხვისას ექიმი ლი ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოკითხა და პოლიციაშიც კი დაიბარეს, სადაც ხელწერილი დააწერინეს "ინტერნეტ სივრცეში ჭორების გავრცელებასა" და "წესრიგის დარღვევაზე". ექიმი 12 იანვარს მოათავსეს საავადმყოფოში, პირველ თებერვალს კი დაუდგინდა კორონავირუსის დიაგნოზი. მას პაციენტისგან გადაედო დაავადება.