მმართველი პარტიის წევრი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ევროპარლამენტში, ასოცირების კომიტეტის სხდომის შესახებ რეზოლუციის ვერმიღება არც მათი პარტიის და არც ქვეყნის პრობლემაა. ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოყოფილ დროში ისაუბრა.

"ამ დოკუმენტის არმიღება არ არის არავითარი პრობლემა, ბუნებრივია, ქართული ოცნებისთვის და არც სახელმწიფოსთვის არ შექმნის პრობლემას. საქართველო, ბუნებრივია, გააგრძელებს წინსვლას და კვლავაც დარჩება ლიდერად ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. უბრალოდ, ამ დღეებში ოპოზიციამ კვლავ გამოავლინა საკუთარი სახე, რომ მზად არიან თავიანთი სუბიექტური ინტერესების გამო ევროინტეგრაციისთვისაც კი სცადონ საფრთხის შექმნა", — თქვა კობახიძემ.

13 თებერვალს ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთობლივი რეზოლუცია ჩავარდა. საბოლოო ვერსიის მხარდასაჭერად ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.

რეზოლუციის შესწორებები მოამზადეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, ოპოზიციამ და, ასევე, ევროპარლამენტარების ნაწილმა. ქართულმა ოცნებამ სწორედ ოპოზიციის შესწორებებს არ დაუჭირა მხარი.