პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ირაკლი შოთაძის მოსმენაზე კომიტეტმა "ძალიან მაღალი დემოკრატიული სტოდარტი" აჩვენა.

"იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კიდევ ერთი ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტი დადო დღეს კომიტეტის სხდომაზე. 7 საათის განმავლობაში დაახლოებით მიმდინარეობდა გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოსმენა, დაისვა ყველა შეკითხვა, რა შეკითხვის გაჟღერებაც სურდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის გუნდს, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. დღეს მე მივიღე გადაწყვეტილება და იმ მოქალაქეებს ვისაც ჰქონდათ მომართული იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის, რომ სურდათ დასწრება და შეკითხვების გაჟღერება მე მათ მივეცი შესაძლებლობა გაეჟღერებინათ შეკითხვები", — თქვა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატის თქმით, მოსმენაზე ირაკლი შოთაძისგან ბევრი სიახლე მოისმინა, რომელიც პროკურატურის განვითარების გეგმებს უკავშირდება.

გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები და ოპოზიციის წარმომადგენლები. ირაკლი შოთაძემ მოსმენის შემდეგ თქვა, რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

ყოფილი გენერალური პროკურორი საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად შეარჩია. შოთაძემ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი, 11 ხმა მიიღო. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს მმართველი გუნდი.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია შოთაძის კანდიდატურამ, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.

პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო.