გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ ზრდასრული ადამიანია და ყველა გადაწყვეტილებას იღებს პირადად. ეს პასუხი გასცა კანდიდატმა კითხვას გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომასთან და შემდეგ ხელახლა კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით.

"ვარ ზრდასრული ადამიანი და შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილებას რასაც ვიღებ, ვიღებ პირადად. რაც შეეხება უმრავლესობის დამოკიდებულებას ჩემს გადადგომასთან დაკავშირებით, ჩემთვის ეს ცნობილია მაშინდელი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე. რაც შეეხება იმას, თუ მაშინ როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება, ეს მივიღე დამოუკიდებლად, არაერთხელ ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ", — თქვა ირაკლი შოთაძემ.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები და ოპოზიციის წარმომადგენლები. ირაკლი შოთაძემ მოსმენის შემდეგ თქვა, რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

ყოფილი გენერალური პროკურორი საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად შეარჩია. შოთაძემ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი, 11 ხმა მიიღო. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს მმართველი გუნდი.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია შოთაძის კანდიდატურამ, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.

პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო.