პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. კანდიდატის მოსმენა პარლამენტში შუადღის 2 საათზე დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა. სხდომას მმართველი გუნდის დეპუტატების გარდა რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი ესწრებოდა, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ირაკლი შოთაძემ უმრავლესობის 8 ხმა მიიღო.

შოთაძის მოსმენის დაწყებისას თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია დარბაზში ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ. მათ დეპუტატებს "პოლიტიკური პატიმრების" ფოტოები დაურიგეს და გაშალეს პლაკატი წარწერით "მონა". დეპუტატები სხდომაზე არ დარჩენილან. "ჩახედეთ თვალებში პოლიტპატიმრებს, ამის მონა ხართ" — ამ სიტყვებით მიმართა ელენე ხოშტარიამ ირაკლი შოთაძეს.

ყოფილი გენერალური პროკურორი საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად შეარჩია. შოთაძემ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი, 11 ხმა მიიღო. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს მმართველი გუნდი.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია შოთაძის კანდიდატურამ, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.

პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო.