შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალიდან ქართული წარწერებით მედიკამენტების ამოღება დაიწყეს.

"სამწუხაროდ და საუბედუროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან მიზანმიმართულად მიმდინარეობს იქ მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ზოგადად ამ რეგიონების იზოლაცია დანარჩენი საქართველოდან. ეს არ არის ახალი, მაგრამ აქვს ახალი და საუბედურო გამოვლინებები, რომლებსაც ასობით და ათასობით ადამიანზეა აქვს გავლენა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მედიკამენტების ამოღება დაიწყეს და ეს არ არის დღევანდელი ამბავი, რამდენიმე დღის წინ მოხდა. მედიკამენტების ამოღება დაიწყეს ქართული წარწერებით", — ამბობს ქეთევან ციხელაშვილი.

მინისტრის თქმით, მედიკამენტების ამოღება ხდება იმ პირობებში, როცა გადაადგილებაც შეზღუდულია და ეს წამლები "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" მთელი რეგიონისთვის. მისი შეფასებით, ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა, რათა დანარჩენ საქართველოსთან კავშირი და კონტაქტი გაწყდეს.