სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პაციენტებს არ აქვთ ცხელი წყალი, რბილი ავეჯი, სკამები და არასათანადო პირობებში უწევთ ცხოვრება. ამის შესახებ სახალხო დამცველმა სტაციონარში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

"[პაციენტებს] არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ... ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები", — წერს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის თქმით, სტაციონარის დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. მისი განმარტებით, დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი პერსონალი, დასაქმებულებს კი არ აქვთ სათანადო სამუშაო პირობები.

ნინო ლომჯარია სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, გააძლიეროს ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთლობის სფეროში ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად.